"სანამ ბაღებს გავაშენებთ, სპეციალისტები უნდა გამოვზარდოთ"

ცხინვალიდან ხელის გაწვდენაზე, სოფელ ნიქოზში, ყოველდღე აფეთქების ხმა ისმის. ოკუპირებულ ზონაში ოკუპანტები სამხედრო სწავლებებს ატარებენ. ნიქოზელები სასწავლო ბომბების ხმას დიდი ხანია შეეჩვივნენ, მეტიც, ივიწყებენ ომს და მუხლჩაუხრელად შრომობენ. ამბობენ, რომ გაუმართლათ, მათ შორის ერთი ისეთი გამოერია, ვინც ომის შემდგომ სოფელი ფეხზე წამოაყენა. ნიქოზში, მავთულხლართებიანი საზღვრის გასწვრივ, კაკლისა და ნუშის სანერგე გააკეთა და თანასოფლელები დაასაქმა.

ათეულობით ჰექტარზე გაშენებული სანერგეების შესასვლელში აბრები იუწყება, რომ კოოპერატივის ტერიტორიაზე ვიმყოფებით. აქაურობას ნიქოზელი, საქართველოსა და ამერიკის მოქალაქე გიორგი მჭედლიძე მეგობრებთან ერთად პატრონობს.

ნიქოზელი გივი სანებლიძე ამბობს, რომ გიორგი დღედაღამ მათთან ერთად მუშაობს და ხელებზე გაჩენილი კოჟრებით შეუპოვრობის მაგალითს იძლევა. მიზნის მისაღწევად ისე იბრძვის, მის გვერდით დასვენებაც კი შეგრცხვებაო.

ვაშლის სამშობლოდ ცნობილ გორში ნუშისა და კაკლის ბაღების გაშენებას ზოგიერთი სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა გიორგი მჭედლიძე ამტკიცებს, რომ გლეხს ვაშლზე დიდ მოგებას სწორედ ამ ორი კულტურის მოსავალი მისცემს. 2004 წლის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე კაკალსა და ნუშზე მოთხოვნა და ფასი ყოველწლიურად იზრდება, რასაც თურქმა ფერმერებმა დროულად აუღეს ალღო და კარგა ხანია, ახალ ბაღებს აშენებენ. როგორც მეწარმე ამბობს, 1 ჰა-ზე გაშენებული "ჩანდლერის" კაკლის ბაღიდან ფერმერს 2-3 ტონა სუფთა ნიგვზის მიღება შეუძლია.

"ჩანდლერის" ჯიშის კაკალს თეთრი ლებანი, თხელი ნაჭუჭი და მაღალი გამოსავლიანობა აქვს, ამიტომაც მასზე მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა. გიორგის კალამი და კვირტი აშშ-დან შემოჰქონდა, ვიდრე, მისი თქმით, სახელმწიფომ გაუაზრებლად მიღებული რეგულაციით არ ჩაუკეტა ნერგის შემოტანის შესაძლებლობა.

გიორგი მჭედლიძე: - კაკლის ბაღის გაშენება 1 ჰა-ზე ფერმერს დაახლოებით 10.000 ლარი დაუჯდება. ამ ფასში სახელშეკრულებო პერიოდში (2 ან 3 წლის განმავლობაში) ყოველთვიური კონსულტაციებიც შედის. ფერმერებს ხეხილის სწორ მოვლას ვასწავლით. კაკლის თანამედროვე ჯიშების პირველ მოსავალს დარგვიდან რამდენიმე წელიწადში ვიღებთ. ისინი უხვმოსავლიანობითაც გამოირჩევა.

- თქვენ 2015 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფერმერად დაგასახელეს...

- ეს საქმე უცხოეთში ვისწავლე და საქართველოში ახალი ტექნოლოგიები შემოვიტანე. კალიფორნიაში განათლების მიღების შემდეგ საქართველოში პირველად ღია გრუნტზე გამოვიყვანე სამრეწველო ნერგი, კომერციული ბაღების გასაშენებლად. ეს ჩემი საავტორო ნამუშევარი იყო. თუ მთელი მსოფლიო ნერგის გამოყვანას 24 თვეს უნდება, მე 7 თვეში შევძელი. ამ შედეგის მისაღებად მე და ჩემი მეგობრები (ასე უწოდებს თანასოფლელებს) დღედაღამ ვმუშაობდით. ბაღებში განათებაც კი გავაკეთე, რომ ღამითაც არ შევჩერებულიყავით.

საქართველოს შეუძლია ყოველწლიურად 4-5 მილიონი ნერგი გაყიდოს ევროპაში და შემოსავალი ბევრად მეტი ექნება, ვიდრე ღვინისგან აქვს. ნამყნობი ნერგების წარმოება მხოლოდ საქართველოსა და თურქეთშია შესაძლებელი (ევროპაში ეს შეუძლებელია ღამის ტემპერატურის გამო). თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, საავტორო ნაშრომი გვაქვს და თურქებმა არ იციან ის, რაც ჩვენ ვიცით. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ასეთი პერსპექტივები არ აინტერესებს.

- ხელისუფლება მიესალმა თქვენი კოოპერატივის გახსნას და თქვა, რომ საინტერესო ტენდენცია დაიწყო საქართველოში.

- კოოპერატივები ქართველი კაცის ფსიქოლოგიას ვერ ერგება. წარმოუდგენელია, ათი ქართველი ერთი მოგებისთვის თანაბრად ამუშაო. საქართველოში მხოლოდ ებრაული კიბუცი ან თურქული "ლიდერი" თუ გაამართლებს, ან სანამ კოოპერატივს შექმნი, ქართველი კაცი უნდა მოამზადო. ჩვენ ხალხს ახასიათებს მიბაძვით ბიზნესის კეთება, ამიტომაც სისტემებიც ამ თავისებურებების გათვალისწინებით უნდა დაინერგოს.

სახელმწიფოს პროექტი "დანერგე მომავალი" იგივეა, რაც თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი, მაგრამ უექიმო საავადმყოფო, ანუ ბაღების გაშენება აგრონომის გარეშე. სანამ ნერგს გავახარებინებთ, ჩვენი ჯგუფი კონსულტაციებს უწევს ბაღების მფლობელებს. მაგრამ შემდგომ, რადგან სწორად მოვლა არ იციან, ბაღები შეიძლება გახმეს ან მწირი მოსავალი მისცეს პატრონს.

"დანერგე მომავალში" მონაწილეობის მისაღები აპლიკაციის ფორმა მიუწვდომელია გლეხისთვის, რომელმაც შრომის ფასი, მოსმენა იცის და სიამოვნებით სწავლობს ყველა სიახლეს. სადღაც მაღალ სართულზე, კომპიუტერთან ჩაწოლილი ხალხი, რომელთაც ცხოვრებაში ბელტი არ გადაუბრუნებიათ, იმ იმედით, რომ დაფინანსებას მიიღებენ, მერე კაკლის ან ნუშის ბაღს გააშენებენ და უმოკლეს დროში გამდიდრდებიან, აპლიკაციებს ავსებენ და ფული, საქმიანი ხალხის ნაცვლად, მოგებაზე ორიენტირებული, ზარმაცი ხალხის ხელში ხვდება. სამაგიეროდ, გლეხმა კარტოფილი და ხახვი რომ მოიყვანოს, კომერციული ბანკიდან მისცემენ წლიურ 30%-იან კრედიტს და... გაგიგიათ ალბათ, რამდენი ოჯახი დაიქცა ასე.

ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში თუ სწორი ბიზნესგეგმა გაქვს და იცნობ იმ კულტურას, რომელსაც აშენებ, დიდ და უიაფეს კრედიტს გაძლევენ. ჩვენთან კი მთავარია, აპლიკაცია შეავსო. კაცი არ გეკითხება, იცი თუ არა სასოფლო-სამეურნეო საქმე.

ეკა ლომიძე

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 12 სექტემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად