ბელგიური კომპანია ”გილიანი” საქართველოში თხილის წარმოებით დაინტერესდა

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი ბელგიური კომპანია ”გილიანი” საქართველოში თხილის წარმოებით დაინტერესდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ინტერესი კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებთან იური ნოზაძესა და დავით გალეგაშვილთან შეხვედრისას გამოხატეს.

”სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი შოკოლადის მწარმოებელი ბელგიური კომპანიის ,,გილიანი“ (Guylian) წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში თხილის წარმოების კუთხით დაინტერესება გამოთქვეს”, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, კომპანია "გილიანი" წარმოებაში ქართულ თხილს უკვე იყენებს და მათი მხრიდან არსებობს დაინტერესება, თხილის წარმოების კუთხით ინვესტიცია განხორციელდეს.

”სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა კომპანია "გილიანის" წარმომადგენლებს სახელმწიფო პროგრამის - თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით - ფარგლებში შექმნილი, საქართველოში ყველაზე დიდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ,,დარჩელი თხილი“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მისი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მათ შორის თხილის წარმოების სრული ჯაჭვის განვითარება და ხელშეწყობა”, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.