ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც საფულის ფუნქციას ასრულებს

21 წლის დავით კვიციანი ერთ-ერთია იმ 20 გამარჯვებულს შორის, რომელიც "სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნესის იდეების კონკურსის შედეგად გამოვლინა.

დავით კვიციანისა და მისი გუნდის - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტების პროექტმა „სტარტაპ საქართველოს“ პროექტში მე-7 ადგილი დაიკავა და ჭკვიანი ბეჭდის შექმნისთვის 100 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა.

გუნდის აღმასრულებელი დირექტორი დავით კვიციანი „ბიზნესპრესნიუსთან“ მათ მიერ შექმნილი ჭკვიან ბეჭდის შესაძლებლობებზე საუბრობს.

„ჩვენს პროექტს cnick ჰქვია, რაც ჩვენი მოფიქრებული სიტყვაა. ვფიქრობთ, მომხმარებლისთვის მარტივად დასამახსოვრებელი იქნება. კნიკი არის ხის პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ხელის ერთი მოძრაობით, გადაიხადოს ტერმინალებზე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და, ამავდროულად, შეინახოს პირველადი სამედიცინო ინფორმაცია - სისხლის ჯგუფი, გადატანილი დაავადებები, ალერგიულობა. 

bpn

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ, რადგან ამ ფუნქციის საშუალებით, "კნიკს" მომხმარებლის სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლია. გარდა დებიტორული ბარათისა, "კნიკი" ასევე ითავსებს აბონიმენტების, ორგანიზაციის საშვებისა და ლოიალობის ბარათების ფუნქციას, რაც, რეალურად, საფულის შემცვლელსაც კი ხდის ბეჭედს“, - ამბობს დავით კვიციანი.

როგორც პროექტის ავტორებმა აღნიშნეს, მსოფლიო მასშტაბით კონკურენტები ჰყავთ, თუმცა ანალოგიური პროექტი არ არსებობს. მათი თქმით, "კნიკი" ერთადერთი ჭკვიანი სამკაულია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისაგან მზადდება.

„მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა თავად შეარჩიოს საკუთარი ბეჭდის დიზაინი, დაიტანოს ნებისმიერი წარწერა და აირჩიოს სასურველი ფერები. გარდა ამისა, ერთადერთი სამკაულია, რომელიც ცვლის საფულესა და ამავდროულად, მომხმარებლის სიცოცხლეზე ზრუნავს. ბეჭდის ფასზე ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებულები არ ვართ. სტანდარტული ბეჭდის ფასი იქნება განსაზღვრული, რაც დიზაინის ცვლილებასთან ერთად გაიზრდება“, - აცხადებს კვიციანი.

100 000 ლარიანი დაფინანსების გარდა, პროექტმა პრიზის სახით დამატებით 20 000 ლარი მოიპოვა. კვიციანის თქმით, პროდუქტის განვითარება დასრულებული ჯერ არ აქვთ. თუმცა, მომხმარებლისთვის პირველი ჭკვიანი ბეჭედი მომავალი წლის პირველ კვარტალში იქნება ხელმისაწვდომი.

ლიკა ამირაშვილი

იხილეთ ინგლისური ვერსია Smart ring by Georgian students – It will replace wallet and can save your life