ექსპერტები სალომბარდე ბიზნესის რეგულირებას ითხოვენ

სალომბარდე დაწესებულებების სიმრავლე თვალშისაცემია, თუმცა აქ დასაქმებული ადამიანების თქმით, ძირითადად ერთი და იგივე მომხმარებელზე მუშაობენ. მათი განმარტებით, ახალი კლიენტი 10 ადამიანიდან შეიძლება მხოლოდ ორი იყოს, რასაც ისინი სალომბარდე დაწესებულებების სიმრავლით ხსნიან.

„გასულ წლებთან შედარებით კონკრეტულ ლომბარდებში მომართვიანობა შემცირდა, რაც ჩვენი დაკვირვებით ამ ბიზნესში ახალ-ახალი სალომბარდე დაწესებულებების გახსნამ განაპირობა. ხალხი თანაბრად აბარებს როგორც ტექნიკას, ისე ოქროულობას, მანქანებს,“- გვითხრეს თბილისში არსებულ ერთ-ერთ ლომბარდში.

მათივე განმართებით, სალომბარდე მომსახურების პროცენტული განაკვეთი ძირითადად, 1%-დან იწყება და 2-2.5%-ის ფარგლებში მერყეობს. ლომბარდები ერთმანეთში სხვადასხვა საშეღავათო პირობების დაწესებითაც შედიან კონკურენციაში. მაგალითად, ზოგი მომხმარებელს მომსახურებას პირგასამტეხლოსა და ჯარიმების გარეშე ჰპირდება.

ლომბარდებში კლიენტებისა და მიმართვიანობის კონკრეტული მონაცემები არ არსებობს, რისი მიზეზიც ის არის, რომ ეს სფერო ფაქტობრივად, რეგულირების მიღმაა დარჩენილი. ექსპერტების შეფასებით, ეს ბიზნესი „ველური ბაზრის“ პირობებში ვითარდება.

საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც ლომბარდებში კლიენტთა რაოდენობა არ იზრდება, ბაზარზე არსებული კონკურენციაა და არა მოსახლეობის კეთილდღეობის დონის გაუმჯობესება.

„კომერციული ბანკები დღეს ლომბარდის ფუნქციასაც ასრულებენ. მოსახლეობა კი უმეტესად ბანკებს ენდობა და იქ მიაქვს პროდუქცია. „სხვა მიზეზი არ არსებობს, რადგან მოსახლეობა ისევ საჭიროებს ფულს და მათი კეთილდღეობის დონე ნამდვილად არ გაზრდილა. ხალხს ხარჯი გაეზარდა - ფასები უკვე წელიწადნახევარია მკვეთრად გაზრდილია, ვალუტის კურსი დაცემულია, შემოსავლები კი ან იგივე დარჩა ან შემცირებულია“, – ამბობს ელიავა.

საბანკო ექსპერტის განმარტებით, საქართველოში სალომბარდე ბიზნესი დღეს „ველური ბაზრის“ პირობებში ვითარდება და საკანონმდებლო სფეროდან ამოვარდნილია. „აუცილებელია ამ სფეროს დარეგულირება. კერძოდ, სალომბარდე საქმიანობა ლიცენზირებას უნდა დაექვემდებაროს; უნდა არსებობდეს კანონი სალომბარდე საქმიანობის შესახებ და ლომბარდებს მარეგულირებელი უნდა ჰყავდეთ. ნებისმიერი რეგულირება მოსახლეობაზეც დადებითად აისახება. მაგალითისთვის ბანკები შეგვიძლია ავიღოთ, სადაც საპროცენტო განაკვეთები უფრო შეღავათიანი და ნაკლებია, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა თუ ლომბარდებში,“- აღნიშნა ელიავამ.

თაია არდოტელი