ქართული წყალი „ხიხანი“ უკრაინაში ექსპორტზე გავა

ქართული მინერალური წყალი „ხიხანი“ უახლოეს პერიოდში უკრაინაში ექსპორტზე გავა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საწარმოს ხელმძღვანელმა მალხაზ ხალვაშმა განუცხადა, პირველი პარტია ექსპორტზე დაახლოებით ერთ თვეში გავა.

მისი თქმით, მთელი უკრაინის ათვისება იგეგმება. საწყის ეტაპზე კი 100 ათას ბოთლს გაიტანენ.

ხალვაში აღნიშნავს, რომ აღნიშნულ პროექტზე, ბოლო 6-8 თვის განმავლობაში დამატებით 70 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

საწარმოში, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში მდებარეობს, 10 ადამიანია დასაქმებული. დღიური წარმადობა კი 3 000 ბოთლია.

რაც შეეხება საქართველოს, დღეის მდგომარეობით, „ხიხანის“ რეალიზება მხოლოდ აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ხდება. თუმცა, ხალვაში აღნიშნავს, რომ სამომავლოდ მთელი საქართველოს ათვისებაც იგეგმება.

მომავალში „ხიხანი“ მტკნარი წყლის გამოშვებასაც აპირებს, რომელიც ძირითადად ექსპორტზე გავა.

თაია არდოტელი