„ჩირკოლადი“ რუსეთში ექსპორტზე გადის

ქართული ტკბილეული „ჩირკოლადი“ უახლოეს პერიოდში რუსეთში ექსპორტზე გავა.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ბიო-მარგის“ დამფუძნებელმა გიორგი არწივიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია 3 ტონა „ჩირკოლადის“ ექსპორტი და ამ პროდუქტით მხოლოდ მოსკოვის ბაზრის ათვისება.

როგორც არწივიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რუსეთის გარდა, პროდუქტი შესაძლოა ჰოლანდიაშიც გამოჩნდეს.

„რუსეთში პროდუქტის შესატანად ფაქტობრივად, ყველა საკითხი მოგვარებულია. გარდა ამისა, ამ ზაფხულს პროდუქციის ნიმუშები გავაგზავნეთ ჰოლანდიაში და მოიწონეს. ახლა მათ პარტნიორს ველოდებით, რომელიც ჩამოვა და ადგილზე შეამოწმებს ყველაფერს,“- აღნიშნა არწივიძემ.

მისივე თქმით, დაგეგმილია საწარმოს განახლება, დამატებითი მანქანა-დანადგარების შეძენა და ახალი მუშახელის დაქირავება. ამ დროისათვის საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული და 2-3 ადამიანი კიდევ დაემატება.

პროექტის ღირებულება 150 ათასი ლარი იყო.

„ჩირკოლადის“ საწარმო ბაღდათის რაიონის სოფელ დიმიში მდებარეობს. საწარმო ამ ეტაპზე 8 სახის პროდუქციას უშვებს ბაზარზე: გარგარი ნიგვზით შოკოლადში, ფინიკი ნიგვზით შოკოლადში, ფორთოხალი შოკოლადში, ფორთოხლის ბურთულა, ფორთოხლის ცუკატი, ქლიავი ნიგვზით შოკოლადში, ჩირიანი შოკოლადის ასორტი, ხურმა ნიგვზით შოკოლადში.

თაია არდოტელი