ქართველი ფერმერები კარტოფილის კიბოსადმი გამძლე ჯიშების მოშენებას თავიანთ ნაკვეთებშიც შეძლებენ

კარტოფილის კიბო კარტოფილის ყველაზე სერიოზული ავადმყოფობაა.

ის განსაკუთრებით საშიშ, საკარანტინო ორგანიზმად არის მიჩნეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ 2015 წლის 25 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის“ დამტკიცების თაობაზე, რომლის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს დაეკისრა ვალდებულება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს კარტოფილის კიბოსადმი რეზისტენტული ჯიშების ჩამონათვალი ყოველწლიურად წარუდგინოს.

მიმდინარე წელს, გაზაფხულიდან მოყოლებული, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ხულოს მუნიციპალიტეტში კარტოფილის კიბოს დაავადების გამომწვევი პათოგენისადმი გამძლე ჯიშების გამოცდა მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფმა მოიძია და აჭარის რეგიონის რამდენიმე სოფელში კიბოსადმი გამძლე კარტოფილის ჯიშები დათესა. ცდაში ჩართული 15 სხვადასხვა ჯიშიდან კიბოსადმი გამძლეობა აღმოაჩნდა კარტოფილის 6 ჯიშს, რომელთაგან ორი - ჯავახეთური და მესხური წითელი - ქართულია. „მესხური წითელი“ კიბოსადმი გამოჩენილ გამძლეობასთან ერთად, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლებითაც გამოირჩევა.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში კიბოსადმი გამძლე კარტოფილის ჯიშების სათესლე მასალით ფერმერებს უზრუნველყოფენ და ისინი ამ ჯიშების მოშენებას თავიანთ ნაკვეთებშიც შეძლებენ.

ხათუნა ჩიგოგიძე