მთავრობა ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობას გეგმავს

კურორტ თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა იწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„უნდა გამოვაცხადოთ, რომ ამ კურორტის განვითარების ძალიან საინტერესო ახალი ფაზა იწყება. სახელმწიფო აპირებს, რომ საპარტნიორო ფონდის მეშვეობით ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღოს კურორტ თეთნულდზე აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაში. რამდენიმე სასტუმრო, გასართობი ცენტრი, სპორტსკოლა, ალბათ, სავაჭრო ცენტრიც და რა თქმა უნდა, ამბულატორია - ეს არის მინიმალური ჩამონათვალი, რაც არის აუცილებელი, რომ კურორტმა იფუნქციონიროს. ჩვენ ასევე გეგმაში გვაქვს ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობა, გვირაბების მეშვეობით, რომ ზამთარში ტურისტებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საათნახევარი-ორი საათის ინტერვალით შეძლონ კურორტ თეთნულდზე ასვლა. აუცილებლად უნდა გარემონტდეს ჯვარი-თეთნულდის გზაც იმისათვის, რომ სამეგრელოს მხრიდან ასევე ადვილი იყოს კურორტზე ასვლა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმა ეკონომიკის მინისტრთან ერთად განიხილა. მათ ასევე იმსჯელეს მენეჯმენტის გაძლიერების საკითხზე და საჭიროდ ჩათვალეს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს-ის შექმნა, რომელსაც, არჩევნების შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.