თსუ მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის დასახელდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თაიმსის მსოფლიოს უნივერსიტეტების 2016-2017 წლების რეიტინგში (Times Higher Education World University Rankings) მოხვდა.

რეიტინგში თსუ-მ მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის 801-ე პოზიცია დაიკავა და ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან და კავკასიის რეგიონიდან, რომელიც რეიტინგში დასახელდა. რეიტინგის თანახმად, თსუ 354-ე ადგილს იკავებს ევროპის მასშტაბით.

რეიტინგის ავტორები უნივერსიტეტებს 5 ძირითადი სფეროს მიხედვით აფასებენ. ეს სფეროებია: სწავლება, კვლევა, ციტირება (კვლევის გავლენა), საერთაშორისო ცნობადობა და ინდუსტრიული შემოსავლი (გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვა).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ყველაზე მაღალი შეფასება საერთაშორისო ცნობადობისა (37,8%) და ინდუსტრიული შემოსავლის (32,9%) კომპონენტში მიიღო.

რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტად ოქსფორდის უნივერსიტეტი დასახელდა, რომელმაც წელს ბოლო ხუთი წლის ლიდერ აშშ-ში მდებარე კალიფორნიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტს გადაუსწრო. ხუთეულში ასევე მოხვდნენ სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ0, კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (აშშ).