მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერას უცხადებს

მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში, მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მერსი ტემბონის შეხვედრისას აღინიშნა.

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება მიულოცა. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყანაში უკვე მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებსაც მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს და მზად არის, ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერა მომავალშიც განაგრძოს.

მერსი ტემბონმა მსოფლიო ბანკის სახელით, კმაყოფილება გამოთქვა ქვეყანაში ბიზნესის განვითარების მიმართულებით არსებულ მიღწევებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს მიღწევები აისახება მსოფლიო ბანკის ჯგუფის ბიზნესის წარმოების ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღნიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიღარიბის დაძლევის კუთხით მიაღწია.

შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.