"იმედმა" "მაესტროს" სარეკლამო დრო იყიდა

სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი ფაქტობრივად, ორ თანაბარ ნაწილად გაიყო

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია "იმედმა" ერთი წლით ტელეკომპანია "მაესტროს" სარეკლამო დროის 100% იყიდა და ამ გარიგებაში 4 მილიონი დოლარი გადაიხადა. "მაესტროში" ამ გარიგებას ადასტურებენ, თუმცა შეთანხმების დეტალებზე არ საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ "მაესტროს" სარეკლამო დროის შეძენა "რუსთავი 2"-საც სურდა, თუმცა როგორც ჩანს, ტელეკომპანიებს შორის გარიგება ვერ შედგა. სარეკლამო ბაზრის მოთამაშეები ამბობენ, რომ ამ გარიგებით სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე ფაქტობრივად, ორი მსხვილი მოთამაშე ჩამოყალიბდა, რაც კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს. კონკურენციის ზრდა კი ბაზრის გაჯანსაღებას ნიშნავს, რაც შედარებით მცირე მოთამაშეებს მეტი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

გიორგი სულაკაური, სარეკლამო კომპანია TV International-ის დირექტორი: "თუ გავიხსენებთ, რა ხდებოდა წინა მთავრობის პერიოდში, მაშინ ერთი გამყიდველის ხელში იყო თითქმის ყველა ტელევიზიის სარეკლამო დრო. ასეთ დროს ცოტა რთულია ბაზრის განვითარებაზე ლაპარაკი, რადგან ამ დროს ტელევიზიები გკარნახობენ უკვე თავის პირობებს. ახლა კი სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე ორი მსხვილი მოთამაშე ჩამოყალიბდა - "რუსთავი 2"-ის, "მარაო"-სა და "კომედი არხი"-ს კომერციული წილი ბაზარზე დაახლოებით 45%-ია, ხოლო უკვე გაერთიანებული "მაესტროს", TV 11-ის, "იმედისა" და აქვე შეგვიძლია GDS-იც მოვიაზროთ, ამ კომპანიების წილი ბაზარზე დაახლოებით 42%-ია. რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზარზე დაბალანსდა ვითარება და ამან ბაზრის განვითარებასაც უნდა შეუწყოს ხელი.

ქართულ კომერციულ არხებში თითქმის თანაბარი წილის მქონე ეს ორი მოთამაშე ბაზარზე უკვე კონკურენტულ გარემოს ქმნის. ახლა საინტერესოა, ვინ უფრო უკეთეს ფასს და მოქნილ პირობებს შესთავაზებს რეკლამის დამკვეთებს. თუმცა, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი რომ გაიზარდოს, ამის წინაპირობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა".

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე