აქციზზე გადასახადის გაზრდით ლუდის ბიზნესმა 30 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა

„ლუდის ინდუსტრია ორმაგი წნეხის ქვეშ მოექცა და ერთ წერტილზე გაიყინა“

ლუდის ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში ლუდის მოხმარება და რეალიზაცია დაახლოებით 15%-ით შემცირდა და ამის მიზეზად აქციზის გადასახადის გაძვირებას ასახელებენ. 2015 წლის 1 მარტიდან ლუდზე აქციზური გადასახადი 40-დან 60 თეთრამდე გაიზარდა. უკვე ერთი წელია მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ მთავრობა ლუდის ინდუსტრიას გაზრდილ გადასახადს როგორღაც მაინც შეუმსუბუქებს, მაგრამ მოლაპარაკებების რეალური შედეგი არ ჩანს.

„ჩვენ თავიდანვე ვეუბნებოდით მთავრობას, რომ ლუდის ინდუსტრია ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა და ეს ასრულდა“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ, გრძელვადიან პერსპექტივას თუ გავითვალისწინებთ, უარყოფითი შედეგი მიიღო.

- იმის დასტურად, რომ ამ ერთ წელიწადში ჩვენი ბიზნესი ძალიან დაზარალდა, ციფრებს მოვიშველიებ: 2015 წელს ლუდის ინდუსტრია 15%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით, 2016-ში კი, ერთ წერტილზე გაჩერდა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. მთავრობას ამ საკითხში მოკლევადიანი პრიორიტეტები აქვს, ჩვენ კი ვამბობთ, რომ გრძელვადიან განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ. როგორც ჩანს, ამ თემაზე მთავრობას და ბიზნესს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. მართალია, მოკლევადიან პერსპექტივაში ანუ 2015 წელს, ბიუჯეტის შემოსავალი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა, თუმცა ლუდის ინდუსტრიამ დაახლოებით 30 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა. ფინანსთა სამინისტრო მხოლოდ ფისკალური ეფექტით იყო დაინტერესებული, თუმცა ბიუჯეტმა ჩვენი გაანგარიშებით არც ისე დიდი თანხა მიიღო. სამაგიეროდ, ჩვენ დავზარალდით: გადასახადი მოგვემატა და შემოსავალი დაგვაკლდა. ლუდის ბიზნესი ორნაირი წნეხის ქვეშ მოჰყვა, ამას დაემატა ლარის გაუფასურება და ეკონომიკური სიტუაციის გართულება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში. ამაზე უარესს ვერც კი წარმოვიდგენდით, ეს ნამდვილი კოშმარი იყო. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა მთავრობასთან, ვთხოვდით, რომ ცუდი პერიოდი გველოდება, რეგიონში სიტუაცია იძაბება და პრობლემას ნუ დაგვიმატებთ-მეთქი, მაგრამ არავინ მოგვისმინა. ეს ყველაფერი გახდა მიზეზი იმისა, რომ ლუდის ინდუსტრიის განვითარება შეჩერდა.

- ბატონო ნიკოლოზ, რა წინადადება აქვს ლუდის ინდუსტრიას - როგორ შეიძლება შეიცვალოს აქციზის გადასახადი?

-მარტო ლუდის ინდუსტრიას არა, ეს ევროკავშირის მოთხოვნაცაა: პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქციზის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს ევროკავშირის მოთხოვნების მიხედვით. რას ნიშნავს ეს? - თუ დღეს აქციზის გადასახადს მოცულობის მიხედვით ვიხდით ანუ 1 ლიტრ ლუდზე ვიხდით რაღაც თანხას, აქციზი უნდა გადავიხადოთ ლუდში ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით: დავუშვათ, 5-გრადუსიან ლუდზე მეწარმე გადაიხდის უფრო მეტს, ვიდრე 3-გარდუსიანზე, 8-გრადუსიანზე კიდევ უფრო მეტს და ა.შ... ეს იქნება აქციზის სტრუქტურის ჰარმონიზება ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით. ჩვენ ისედაც აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ ეს 2017 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შევძლოთ. არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ლუდის ბაზრის განვითარებას, რომ ბაზარზე შემოვიდეს ე.წ. ლაითი ლუდები, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა მცირეა. ლუდის ინდუსტრიის წარმომადგენელთა სურვილია, რომ ეს მექანიზმი დღესვე ამოქმედდეს და არ ველოდოთ კიდევ ერთი წლის გასვლას. უფრო მეტიც, ამას ჩვენ მთავრობას 2014 წლიდან ვთხოვდით. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც ბიზნესი სთხოვდა სახელმწიფოს ევროკავშირის წინაშე დადებული პირობის შესრულებას. როგორც წესი, ასეთ დროს ბიზნესი გადავადებას ითხოვს ხოლმე. ჩვენ მოვითხოვდით, რომ 1 გრადუსზე გადასახადი ყოფილიყო 10 თეთრი, რომ სტანდარტულ 5-გრადუსიან ლუდზე 50 თეთრი გადაგვეხადა და არა - 60, როგორც დღეს ვიხდით. ამავე დროს, არასტანდარტულ 8-გრადუსიან ლუდზე გადასახადი 80 თეთრი იქნებოდა ანუ აქციზის ფასი ერთ შემთხვევაში შემცირდებოდა, მაგრამ მეორე შემთხვევაში გაიზრდებოდა. ეს იყო ჩვენი ძირითადი მოთხოვნა, რომელსაც ვაყენებდით მთელი ერთი წლის განმავლობაში.

- ბატონო ნოკოლოზ, როგორ აისახებოდა აქციზის გადასახადის თუნდაც 10 თეთრით შემცირება თქვენს ბიზნესზე?

- აქციზის შემცირება მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ ლუდის ინდუსტრია განვითარდებოდა და საბოლოო ჯამში ბიუჯეტშიც უფრო მეტი გადასახადი შევიდოდა. მოკლევადიანი ფისკალური ეფექტის გარდა გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივას მივიღებდით. მით უმეტეს, რომ ლუდის ინდუსტრიას ბიუჯეტში საშუალოდ 60-80 მილიონი ლარი შეაქვს. სხვათა შორის, თავიდან, როცა აქციზი 20 თეთრით გაზარდეს, ითქვა, რომ თუ აქციზის გაზრდა უარყოფითად იმოქმედებდა ლუდის ბიზნესზე, მაშინ ამ გადაწყვეტილებას გადახედავდნენ, მაგრამ არც ეს შესრულდა. ლუდის ინდუსტრია ამ გადასახადს აიტანს, ეს არ არის ჩვენთვის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მაგრამ მთავარია, განვითარდები, თუ ერთ წერტილზე გაიყინები. შეგახსენებთ: ამ საქმეში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული, გვაქვს ძალიან დიდი დისტრიბუციის ქსელი. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ძველი სამუშაო ადგილები დაიკარგება, რადგან ყველა თავმოყვარე კომპანია ცდილობს კადრები შეინარჩუნოს. თითოეული თანამშრომლის უკან მისი ოჯახი დგას, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ არსებული ადგილების შენარჩუნებას, მაგრამ ამ სიტუაციაში წარმოების განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე ფიქრიც კი ზედმეტია.

- და ბოლოს, კიდევ აპირებთ ბრძოლა გააგრძელოთ, თუ 2017 წლის 1 სექტემბერს დაელოდებით?

- ამ ეტაპზე მთავრობა არჩევნების რეჟიმშია გადასული, თუმცა ჩვენ მზად ვართ არჩევნების მეორე დღესვე ჩავნიშნოთ შეხვედრა და მიზანს მივაღწიოთ, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 1 სექტემბრიდან მაინც გადავალთ ამ რეჟიმზე. ჩვენ არ გავჩერდებით, რადგან ვიცით: ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესისთვის, უკეთესი საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის და მთელი ჩვენი ქვეყნისთვის.

ხათუნა ჩიგოგიძე