ინტერნეტ-მაღაზიები ლარის გამყარების მოლოდინში არიან

ინტერნეტ-მაღაზიების ნაწილს კრიზისიდან გამოსვლა უჭირს. ერთ წელიწადზე მეტია, რაც პრობლემა ამ ბიზნესში ლარის გაუფასურების გამო შეიქმნა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს,  მართალია, კურსი ბოლო პერიოდში ოდნავ დასტაბილურდა, მაგრამ გაყიდვის გაუმჯობესება, მცირე გამონაკლისის გარდა, კომპანიებში ჯერჯერობით არ შეიმჩნევა.

როგორც აღმოჩნდა, გამოწერების მხრივ ლიდერ პოზიციაზე ჩინეთია, საიდანაც დღესდღეობით 800 მილიონზე მეტი პროდუქციის გამოწერაა შესაძლებელი. მას მოსდევს ევროპის ქვეყნები და ამერიკა. ხოლო ონლაინ გაყიდვის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზეა. შემდეგ მოდის ჰიგიენური საშუალებები. რაც შეეხება ტექნიკის გამოწერას, მოთხოვნა, ძირითადად, იაფ საქონელზეა. ძვირადღირებულის ჩამოტანა დამატებით ხარჯს საჭიროებს და ასეთ მომსახურებაზე მომხმარებელი ხშირად უარს ამბობს.

კომპანია "ჯეტიტ.გე"-ის დირექტორის დათო ბეროშვილის ინფორმაციით, სავალუტო ცვლილებების გამო კლიენტებს გადასახადი ლარში გაეზარდათ, რამაც გამოწერების რაოდენობაზე იმოქმედა.

"სარეალიზაციო საქონლის ფასი დოლარშია. იმის გამო, რომ სავალუტო კრიზისის გამო მომხმარებელს ლარში მეტის გადახდა უწევს, მომსახურებით უკვე ნაკლებად სარგებლობს. ტენდენცია თუ გაგრძელდება და ეროვნული ვალუტა სტაბილურობას შეინარჩუნებს, ჩვენი მომხმარებელიც გააქტიურდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება", - აცხადებს ბეროშვილი.

ერთ-ერთ ინტერნეტ მაღაზიაში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, მოთხოვნა თითქმის გაუნახევრდათ. მაღაზიის ადმინისტრატორის თეონა კილასონიას თქმით, გარკვეული გავლენა გაყიდვაზე იაფი მაღაზიების მომრავლებამაც იქონია, რის გამოც კლიენტებს ნივთის გამოწერა და ლოდინი არ უღირთ და ადგილზე ცდილობენ სასურველი ნივთის შერჩევას.

"სავალუტო ცვლილების გამო ტრანსპორტირების ხარჯი გაგვეზარდა. 14 ლარის ნაცვლად, 18 ლარის გადახდა გვიწევს. ეს კი, ცხადია, პროდუქტის ფასზეც აისახება. ამიტომ მომხმარებელი ძვირიანი ნივთის გამოწერისგან თავს იკავებს. ბოლო წლებში იაფი მაღაზიები სოკოსავით მომრავლდნენ, რამაც ასევე მოახდინა გავლენა და მომხმარებლის გარკვეული რაოდენობა დავკარგეთ. შეიძლება ითქვას, მოთხოვნა გაგვინახევრდა. ერთადერთ იმედს ლარის გამყარება გვაძლევს. კურსი სტაბილურად თუ შენარჩუნება, სიტუაცია აქაც შეიცვლება. ტენდენცია აშკარაა და ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებს", - ამბობს თეონა კილასონია.

ინტერნეტ მაღაზიების მცირე ნაწილში აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, სიტუაციის გაუმჯობესება მოხერხდა. როგორც კომპანია "გეტ.გე"-ს წარმომადგენელმა ალეკო ელიოსიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მდგომარეობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამოსწორდა, რასაც იგი მომსახურების პირობების შეცვლას უკავშირებს.

"ძირითადი მომხმარებელი შევინარჩუნეთ. ფაქტობრივად, ამ ხალხთან ერთად გავუძელით კრიზისს და ძალები აღვიდგინეთ. კომპანიაში მომსახურების სერვისიც უფრო დაიხვეწა და კლიენტზე მორგებული გახდა. ამანათიც სწრაფად ჩამოდის. შეიძლება, იდეალური მდგომარეობა არ არის, მაგრამ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ვთქვათ, 1 წლის წინ იყო. ტვირთები ჩამოგვაქვს ჩინეთიდან, ევროპიდან და ამერიკიდან. ყველაზე დიდი მოთხოვნა ჩინეთიდანაა, საიდანაც ხალხი უფრო ტანსაცმელს და ტექნიკას უკვეთავს ტანსაცმლის შემდეგ ყველაზე მეტი მოთხოვნა კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებზეა, იშვიათად კი, საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც გვიკეთებენ", - ამბობს ალეკო ელიოსიძე.

"ფეისბუქზე" არსებობს რამდენიმე ათეული გვერდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ნივთის გამოწერას ინტერნეტით. პროცედურები ყველგან სტანდარტულია, მომხმარებელი ირჩევს ფოტოალბომში სასურველ ნივთს, რომელსაც მითითებული აქვს ფასი, შემდეგ მითითებულ ბანკის რეკვიზიტზე რიცხავს საჭირო თანხას და ელოდება შეტყობინებას ამანათის ჩამოსვლის თაობაზე.

ყველა ასეთ გვერდზე ფასები განსხვავებულია, ზოგს დაწესებული აქვს სტანდარტული ფასი, თვითღირებულების 20%, ზოგი კი ნივთზე ფასს საკუთარი სურვილის მიხედვით აწესებს. ამ გზით გამოწერილ ნივთებს საშუალოდ 10-25 ლარამდე დანამატი აქვს, ზოგ შემთხვევაში მეტიც. მსგავსი გვერდები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბევრია მსურველი გადაიხადოს დამატებითი თანხა ნივთისთვის, რომელსაც თვითონაც უპრობლემოდ გამოიწერდა.

კითხვაზე, თუ რატომ არ იწერენ სასურველ ნივთებს თავად, მომხმარებლების უმეტესობა პასუხობს, რომ არ აქვთ საბანკო ანგარიში საზღვარგარეთ, ზოგიც მიზეზად ინგლისური ენის უცოდინრობას ასახელებს.

მომხმარებლის უმეტესობა არ მალავს, რომ თბილისის მაღაზიებში სიარულს ურჩევნია, ნივთი ინტერნეტით გამოიწეროს და სასურველ გზავნილს დაელოდოს.

"სამსახურს დიდი დრო მიაქვს, რის გამოც მაღაზიებში სიარულს ხშირად ვერ ვახერხებ. ინტერნეტით კი ნებისმიერ ფასში შემიძლია ნივთი შევუკვეთო. ძირითადად, ტანსაცმელი, არჩევანი დიდია და ხშირად ფასდაკლების სერვისითაც ვსარგებლობ. ადგილობრივი ფასებისგან განსხვავებით ფასდაკლება ყოველთვის რეალურია, რაც ინტერნეტ შოპინგის დროს ყველაზე მეტად მიზიდავს. ტექნიკის შერჩევისას საკმაოდ ფრთხილი ვარ და ვცდილობ, ადგილზევე შევარჩიო, რის გამოც ტექნიკა არასოდეს გამომიწერია", - ამბობს 28 წლის ნია სუხიშვილი, მომხმარებელი.

პოპულარობის მიუხედავად, ინტერნეტგამოწერებით სარგებლობა შეიცავს რისკს, თუ მომხმარებელი მომსახურების პირობებში კარგად არ არის გარკვეული.

32 წლის ანა ქართველიშვილი ამბობს, რომ ინტერნეტით ნივთი სულ ორჯერ გამოიწერა. თუმცა, უკანასკნელ შემთხვევაში, მის მიერ შეკვეთილი ტანსაცმელი გამოუსადეგარი აღმოჩნდა.

"პირველად ჩანთა შევუკვეთე. მართალია, ჩემ მიერ ინტერნეტში ნანახი ნივთისგან განსხვავებული იყო, მაგრამ პრეტენზია არ გამომიხატავს. ჩანთა იაფი ღირდა და დიდად არაფერი წამიგია. მეორე შემთხვევაში კაბა შევუკვეთე და აბსოლუტურად სხვა საქონელი მივიღე. არაფრად ჰგავდა ჩემ მიერ ინტერნეტში ნანახ სამოსს, ზომითაც პატარა იყო. კომპანიისგან კატეგორიულად მოვითხოვე გადახდილი თანხა, მაგრამ უშედეგოდ. კაბა იმდენად უხარისხო აღმოჩნდა, რომ ადგილზეც კი გამიჭირდა გაყიდვა, 100 დოლარად გამოწერილი ტანსაცმელი 50 ლარადაც არავის უნდოდა. კარგი იქნება, თუ მომხმარებელი ინტერნეტგამოწერებით სარგებლობის დროს სწორად იქნება ინფორმირებული და საკუთარი უფლებები ეცოდინება. ჩემს შემთხვევაში, ძალიან გამიჭირდა და ფინანსურ დანაკარგთან ერთად, მორალურადაც დავზარალდი", - ამბობს უკმაყოფილო მომხმარებელი.

იმისთვის, რომ მომხმარებელმა სასურველი პროდუქცია გამოიწეროს, კარგად უნდა იცოდეს ენა და ერკვეოდეს პროდუქტის სპეციფიკაში, რომ შეძლოთ სხვაობის პოვნა და შერჩევა. ხოლო თუ ტანსაცმლის ყიდვა სურს, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ამერიკული ზომების ცოდნა.

ცნობისთვის, სხვადასხვა უცხოურ ონლაინ-მაღაზიებში ანგარიშსწორება ხდება პლასტიკური საკრედიტო ბარათებით, ძირითადად "ვიზა მასტერქარდი" და "ვიზა ელექტრონით". ერთი შეხედვით მშვენიერი და მოხერხებულია, თუმცა არსებობს ერთი მცირე პრობლემა. როგორც ინტერნეტ მაღაზიებში განმარტავენ, ანგარიშსწორება უცხოურ მაღაზიებთან ხდება დოლარში. შესაბამისად, თუ თქვენ ანგარიშზე თანხა გაქვთ ლარში, თქვენი ბანკი, რომლის საკრედიტო ბარათსაც იყენებთ ვაჭრობისას, ავტომატურად ყიდულობს დოლარს და ბანკის გაცვლითი კურსით ახდენს ანგარიშსწორებას. თანხის სხვაობა დამოკიდებულია ვალუტის კურსზე. ეს ერთ-ერთი ხარჯია, რისი ცოდნაც მომხმარებლისთვის აუცილებელია.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"