მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები ციფრული ვალუტის შექმნას აპირებენ

მსოფლიოს ოთხი წამყვანი ბანკი ციფრული ვალუტის შექმნაზე იწყებს მუშაობას.

გამოცემა Financial Times-ის ცნობით, ახალი ვალუტის შექმნას შვეიცარიული UBS, გერმანული Deutsche Bank, ესპანური Santander და ამერიკული BNY Mellon გეგმავენ.

ახალი ციფრული ვალუტა ე.წ. ბლოკჩეინის (blockchain - ქსელში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზა) ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.

პროექტის მონაწილეები ცენტრალური ბანკებისგან და ფინანსური ბაზრის მარეგულირებელი ორგანოებისგან შესაბამისი ნებართვის აღებას მომავალ წელს გეგმავენ, უკვე 2018 წლიდან კი დაიწყება ახალი ციფრული ვალუტის კომერციული გამოყენება.

„ამჟამად ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ვაჭრობა პრობლემატურია და მოითხოვს დიდ დროსა და რესურსს, რის გამოც ყველა ჩვენგანს მსხვილი ბექ-ოფისები გვაქვს. საუბარია პროცესის რაციონალიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდაზე“, - განმარტავს ბანკ Santander-ის წარმომადგენელი ჯულიო ფაურა.