დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტირებული ნაწილი 25 სექტემბერს გაიხსნება

25 სექტემბერს, დავით აღმაშენებლის გამზირზე რეაბილიტირებული შენობების პრეზენტაცია ოფიციალურად მოხდება , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანიას თქმით, აღმაშენებლის გამზირზე სახლებს სარეაბილიტაციო სამუშაოები 47 მისამართზე უტარდებოდა. მისივე თქმით, აღნიშნული რაოდენობიდან 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მერის თქმით, ამის გამო გარკვეულ შენობებს სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის წესების სრული დაცვით, წინასწარ შეთანხმებული პროექტების შესაბამისად ჩაუტარდა. მისივე განცხადებით, აღმაშენებლის გამზირის იმ ნაწილზე მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო ქვაფენილი, გაკეთდა გარე განათების ბოძები და 25 სექტემბერს იგი ოფიციალურად გაიხსნება.

როგორც მერმა აღნიშნა, აღმაშენებლის გამზრის ეს ნაწილი საფეხმავლო გახდება და იქ ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება.

„იმ პერიოდის განმავლობაში რაც სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობდა, იქ მოძრაობა დაკეტილი იყო და ვაკვირდებოდით სატრანსპორტო ნაკადებს. ტრანსპორტის სამსახურმა გააკეთა შესაბამისი გაანგარიშება და ქუჩის ერთი ნაწილის დაკეტვა ამ უბანში საცობებს არ გამოიწვევს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის დამატებით საფეხმავლო ზონა გავაჩინოთ, რათა ადამიანებმა ტრანსპორტისაგან მოწყვეტილად უფრო მშვიდად იგრძნონ თავი. აქ იქნება კაფეები, საინტერესო მაღაზიები, რითაც ეს უბანი ერთი მხრივ იქნება ძველი თბილისური უბანი, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და მეორე მხრივ, თანამედროვე ტიპის უბანი, სადაც გზა ჩაკეტილი იქნება და მოქალაქეები ფეხით იმოძრავებენ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი მიმდინარე წლის 5 თებერვალს დაიწყო.