"ყველანი ამაზე შევთანხმდით, რომ არა რეგიონული შოკი, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით დიდი ტემპით გაიზრდებოდა"

ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო, შეიძლება ცოტა ზედმეტი ემოციურობა იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ძალიან გულწრფელი ვიქნები , - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „მოქალაქის“ მიერ ორგანიზებული ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ყველანი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება და ძირითად პრობლემად გარე შოკი დასახელდა.

„ყველა გამომსვლელი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ გარე რეგიონული შოკის მიუხედავად რომელიც საქართველომ მიიღო, ყველაზე წარმატებულად საქართველოს ეკონომიკა განვითარდა და ამას აქვს დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ამ შოკებში ძირითადი იყო ნავთობის ფასის ვარდნა, საქართველო არის ნავთობის მომხმარებელი ქვეყანა და ამას პირიქით, პოზიტივი უნდა მოეტანა, მაგრამ ნავთობის ფასის ვარდნის გამო სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკა შეფერხდა, ზოგან მოხდა კლება და ამ შოკმა დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე.

„ძირითადად ყველანი ამაზე შევთანხმდით, რომ არა რეგიონული შოკი, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით დიდი ტემპით გაიზრდებოდა. რეგიონული შოკის პირობებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იყო საუკეთესო“, - განაცხადა ივანიშვილმა.