გიორგი კვირიკაშვილი - აღმაშენებლის გამზირზე უძრავი ქონების ფასი გახუთმაგებულია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნა მიულოცა.

„მინდა მივულოცო ყველას ამ ულამაზესი ისტორიული უბნის აღდგენა. უპრეცედენტოდ მოკლე დროში დასრულდა პირველი ეტაპი და პრაქტიკულად, 7 თვის განმავლობაში შესრულდა უზარმაზარი სამუშაო. აღდგენილია ქუჩა, რომელიც პრაქტიკულად არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მთლიანად აღდგენილია არა მარტო გარეგნული იერსახე, ასევე აღდგენილია სადარბაზოები, მათ შორის, კედლის მოხატულობა, ეზოები, კომუნიკაციები მთლიანად არის განახლებული“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ეტაპი გულისხმობს საფეხმავლო მარშრუტების აღდგენას, ასევე მე-19 საუკუნის ბაღების აღდგენას.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. „უძრავი ქონების ფასი არის გახუთმაგებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება ეს ადგილი ტურისტებისთვის, რადგან ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უბანი თბილისში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.