პროფესიები, რომელიც მომავალში აქტუალობას დაკარგავს

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ზოგიერთი პროფესიის საჭიროება შემცირდა, ზოგი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულად აღარ მიიჩნევა, სწორედ ამიტომ, მომავალში მათ გაქრობა ემუქრებათ.

საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტები პრიორიტეტს ეკონომიკას, ბიზნესის ადმინისტრირებას, იურიდიულსა და სოციალურ მეცნიერებებს ანიჭებენ, რასაც საქსტატიც ადასტურებს.

2015-16 წლებში, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო პროგრამებზე - სოციალურ მეცნიერებებზე, ბიზნესსა და სამართალზე ჩარიცხულთა რაოდენობა 27 292-ია, მეორე ადგილს ზოგადი სამეცნიერო სპეციალობები იკავებს 15 218 სტუდენტით, ხოლო მესამე ადგილს ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება, 9 831 ჩარიცხულით.

საქართველოსა და მსოფლიოში პროფესიების შესაძლო გაქრობასთან დაკავშირებით Allnews.ge განათლების პოლიტიკის სპეციალისტ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.

მისი თქმით, გარკვეული პროფესიების გაქრობის ერთ-ერთ მიზეზად, შესაძლოა, ტექნოლოგიური განვითარება მოვიაზროთ, თუმცა, პროფესიული კუთხით საქართველოში არსებულ ფაქტორებზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი.

"საქართველოსთვის პრობლემური სფერო ბიოტექნოლოგიები, ფილოსოფია, ისტორიული მიმართულება და ზოგადად, ჰუმანიტარული სფეროა, არადა ამ მიმართულებების განვითარების გარეშე სამოქალაქო საზოგადოების განვითარება რთულია," - განმარტა მან და ასევე დასძინა, რომ საქართველო აგრარულ სფეროში ტექნოლოგიების გამოყენებით ბევრ სახელმწიფოს ჩამორჩება.

სიმონ ჯანაშიას მიაჩნია, რომ ბოლო დროს ტექნოლოგიურმა განვითარებამ დასაქმების სხვადასხვა სფეროში, მთელ მსოფლიოში გარკვეული პრობლემები შექმნა.

"ბიზნესის დემოკრატიზაცია მიმართულებების შეცვლას იწვევს, მაგალითად დასავლეთის ქვეყნებში ტაქსის კომპანიები კერძო პირების მხრიდან კონკურენციას განიცდიან, რადგანაც მათ მიერ ავტომობილის გაქირავებამ უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო. უნდა აღინიშნოს სტამბების პრობლემაც, იმის გამო, რომ უფრო მეტი ელექტრონული წიგნი იქმნება, აღნიშნულ კომპანიებს დაბეჭდილი წიგნების რეალიზაცია უჭირთ. გარდა ამისა, სოციალური მედია ჟურნალისტიკის ფუნქციებს ამცირებს, ასე რომ განვითარება ბევრი მიმართულებით მოხდა," - აღნიშნა ჯანაშიამ.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებების პოპულარიზაციის მიზნით, აღნიშნულ ფაკულტეტებზე სწავლა უფასო გახადა, მასზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენთა რიცხვი გაიზარდა, რაც უნივერსიტეტებზეც აისახა. მაგალითად, საინჟინრო, დამამუშავებელ და სამშენებლო დარგებზე 2015-16 წლებში, საქსტატის ინფორმაციით, საბაკალავრო პროგრამაზე 8 126 სტუდენტი სწავლობს.

მარიამ მენაბდიშვილი

წყარო ALLNEWS