სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ერთი იმერული ხაჭაპურის ღირებულება 8,6%-ით გაიზარდა

სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულებამ 3,43 ლარი შეადგინა.

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET)-ის მონაცემებით, აგვისტოსთან შედარებით ხაჭაპურის ინდექსი 8,6%-ით გაიზარდა. თუმცა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,8%-ით დაეცა.

ISET-ის ცნობით, ხაჭაპურის ინდექსის წლიური შემცირება მთავარი ინგრედიენტების - კვერცხისა და ყველის გაიაფებამ გამოიწვია.

„წინა წელთან შედარებით, 7%-ით შემცირდა კვერცხის ფასი, ყველის კი 3%-ით“, - ნათქვამია ISET-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინდექსის თანახმად, ყველა სხვა დანარჩენი ინგრედიენტის ფასი გაიზარდა. 1%-ით გაძვირდა რძე, 2%-ით - ფქვილი, 9%-ით - საფუარი და 17%-ით - კარაქი.

ხაჭაპურის ინდექსი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელიც ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორია. ფასებზე დაკვირვება 2008 წლის აგვისტოდან დაიწყო თბილისში, შემდეგ კი თანდათან გაფართოვდა საქართველოს სხვა ქალაქებზეც. ამჟამად ხაჭაპურის ინდექსი ითვლება არა მხოლოდ დედაქალაქისთვის, არამედ თელავის, ქუთაისის და ბათუმისთვისაც.

ხაჭაპურის ინდექსის იდეა დაიბადა Big Mac-ის ინდექსისაგან, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ვალუტების მსყიდველობითი უნარის შესადარებლად. ხაჭაპურის ინდექსის კალათში შედის სტანდარტული იმერული ხაჭაპურის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასების გათვალისწინებით.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე