Tesla-მ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი წარადგინა

ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Tesla-მ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი აქსელერაციის მქონე სერიული წარმოების ავტომობილი წარადგინა.

Tesla Model S  - 100 კვ/სთ ელემენტითა და ორმაგი ელექტროძრავით აღჭურვილი სედანი 0-დან 100კმ/სთ სიჩქარეს 2,5 წამში ავითარებს. ხოლო იგივე მოდიფიკაციის ყველგანმავალი Model X ამას 2,9 წამს ანდომებს.

კომპანიის ხელმძღვანელის ილონ მასკის განცხადებით, საქმე ნამდვილ ისტორიულ მოვლენასთან გვაქვს, ვინაიდან მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ავტომობილი ელექტრომობილი გახდა.

“ვფიქრობ, ეს ნათლად მიანიშნებს, თუ საით არის მომავალი“ , - განაცხადა მასკმა.

მიუხედავად ელექტომობილების სეგმენტში ასეთი ხმამაღალი განცხადებისა და იმის ფონზეც, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მთავრობები სულ უფრო მეტად მოუწოდებენ მოსახლეობას ელექტრომობილების შეძენისკენ, ნავთობზე დაბალმა ფასებმა ეს ბაზარი შეანელა.

ბაზრის ლიდერის Nissan Leaf-ის გაყიდვები 37,6%-ით არის შემცირებული, BMW i3-ის - 19,1%-ით, ხოლო ელექტროძრავიანი Mercedes-Benz B-Class-ის გაყიდვები საერთოდაც 73,7%-ით დაეცა.

მეორეს მხრივ, Tesla გაყიდვებს არ უჩივის და მიმდინარე წელს 80 ათასი ავტომობილის რეალიზებას გეგმავს, გასული წლის 51 ათასთან შედარებით. "ტესლას" ასეთი წარმატება მისი ელექტრომობილების განსხვავებულ "ეკოსისტემაშია". გარდა ამისა, კონკურენტებისგან არა მხოლოდ ფასით, არამედ შესაძლებლობებითაც გამოირჩევა.

კოკა კვირკველია