iPhone 7 და iPhone 7 Plus წყალგამძლე იქნება (ვიდეო)

კომპანია Apple-მა სან-ფრანცისკოში ახალი პროდუქტების, მათ შორის iPhone 7 და iPhone 7 Plus პრეზენტაცია გამართა.

„ეფლის“ ორივე ახალი სმარტფონი წყალგაუმტარი კორპუსით, ახალი მძლავრი პროცესორით, 12-მეგაპიქსელიანი კამერით, 6-ფენიანი ლინზებითა და გამოსახულების სტაბილიზების ფუნქციით იქნება აღჭურვილი.

პრეზენტაციაზე საბოლოოდ დადასტურდა მანამდე მოარული ხმები - ახალ სმარტფონებს არ ექნება 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენებისთვის. განსაკუთრებული სიახლეა ისიც, რომ ახალი სმარტფონის ელემენტები ყველაზე გამძლეა და მთელი ორი საათით მეტს მუშაობს, ვიდრე მისი წინამორბედი მოდელის ელემენტები. iPhone 7-ის ელემენტი სრული დამუხტვით 14 საათი ძლებს თუ Wi-Fi-შია ჩართული, ხოლო 4G რეჟიმში 12 საათი, iPhone 7 Plus კი ორივე შემთხვევაში 15 საათი მუშაობს.

ახალი მოდელები აღჭურვილია 64-ბიტიანი ოთხბირთვიანი პროცესორით A10 Fusion, რომელიც მოწყობილობის მუშაობას 40%-ით აჩქარებს, ვიდრე iPhone 6s პროცესორით A9. Apple-მა გაზარდა მინიმალური მეხსიერების მოცულობა 32 გეგაბაიტამდე. ასევე შესაძლებელია სმარტფონების ყიდვა 128 და 256 გეგაბაიტიანი მოცულობით.

iPhone 7-ის გაყიდვები ამერიკაში 16 სექტემბრიდან დაიწყება და მისი საწყისი ფასი 649 დოლარი იქნება, ხოლო iPhone 7 Plus 769 დოლარი ეღირება..

გარდა ამისა, Apple-მა წარადგინა უფრო სრულყოფილი მაჯის საათები Apple Watch, რომლებიც ასევე წყალგამძლეა და უსადენო ყურსასმენები AirPods. ცნობილი გახდა ისიც, რომ კომპანია გეგმავს განაახლოს პოპულარული თამაში Super Mario, რომელიც iPhone-ის მფლობელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ხოლო კიდევ ერთი პოპულარული, თუმცა უფრო თანამედროვე თამაშს Pokemon Go Apple Watch-ის მფლობელები ითამაშებენ.

ასევე იხილეთ

კოკა კვირკველია