BMW-სთვის Mercedes-ი მიუღწეველი გახდა

გერმანული ავტომწარმოებლი კომპანია Daimler-ის კუთვნილმა ბრენდმა Mercedes-Benz, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში მის უშუალო კონკურენტ BMW -სთან გაყიდვების მიხედვით სხვაობა გაზარდა.

Mercedes-ის გაყიდვებმა გასულ თვეს მსოფლიო მასშტაბით 12%-ით იმატა და 156,246 შეადგინა, მაშინ როდესაც BMW -ს გაყიდვები მხოლოდ 5%-ით გაიზარდა და 142,554 შეადგინა. რაც შეეხება კიდევ ერთ გერმანულ პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას Audi-ის, ის ამ მხრივ მესამე იყო და 132,350 ათასი გაყიდული ავტომობილით, ზრდა 2,9%-ია.

აღსანიშნავია, რომ პირველი რვა თვის გაყიდვების მაჩვენებლით Mercedes-ი ლიდერია 1,32 მილიონი რეალიზებული ავტომობილით, BMW-ს გაყიდვები ამავე პერიოდში 1,28 მილიონია, ხოლო Audi-ის გაყიდვები 1,23 მილიონს აღწევს. შედეგად, Mercedes-მა BMW-სთან სხვაობა 44,124-ით გაზარდა, ხოლო Audi-ს სულაც 90 ათასით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ Mercedes-ის გაყიდვების განსაკუთრებული ზრდა გასულ თვეს გამოიწვია ბოლო თაობის E-class-ზე მოთხოვნამ ჩინეთში, ასევე SUV-ების რეკორდულმა გაყიდვებმა - კომპანიამ განაცხადა, რომ მისი ქროსოვერების რეალიზებამ მხოლოდ აგვისტოში 56,286 შეადგინა, განსაკუთრებით პოპულარული კი იყო მოდელები GLA და GLC.

როგორც ცნობილია, Mercedes-Benz-მა, როგორც მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადმა პრემიუმ ავტომობილების ბრენდმა, ეს ტიტული 2005 წელს დაკარგა BMW-ს სასარგებლოდ, ხოლო 2011-2014 წლებში მან მეორე ადგილი Audi-ის დაუთმო. ანალიტიკოსების აზრით, „სამქიმიანები“ გარდა იმისა, რომ პირველ ადგილზე იქნებიან მიმდინარე წელს, ისინი ამ პოზიციას მომავალ წელსაც შეინარჩუნებენ, ხოლო 2018 წლიდან შესაძლოა, ეს პოზიცია „ბავარიელებმა“ დაიბრუნონ ახალი თაობის მესამე სერიის გამოსვლის გამო.

კოკა კვირკველია