გერმანიამ რუსებზე ვიზების გაცემა მკვეთრად შეამცირა

გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების გაცემა საგრძნობლად შეამცირა. ინფორმაციას Deutsche Well გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, გასულ წელს რუსებზე მხოლოდ 15,221 ვიზა გაიცა, მაშინ, როცა უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ისინი რაოდენობით გერმანული „შენგენის“ მიმღებ მეორე ჯგუფს წარმოადგენდნენ. მაგალითად, 2019 წელს გერმანიის ვიზა რუსეთის 325,840 მოქალაქემ მიიღო.

გაცემული ვიზების რაოდენობით რუსებს ბელარუსებმაც გადაუსწრეს. კერძოდ, 2023 წელს გერმანიის საელჩომ მინსკში 51,872 შენგენის ვიზა გასცა, ხოლო პანდემიამდელ 2019 წელს ეს მაჩვენებელი 35,205-ს შეადგენდა. ბელარუსები გერმანული “შენგენის” მიმღებთა ტოპ 5-ეულში მოხვდნენ, ხოლო 100 ათას მოქალაქეზე გაცემული 563 ვიზის რაოდენობით ბელარუსს მხოლოდ კოსოვო უსწრებს, რომლის 100 ათას მცხოვრებზეც 3,172 ვიზა გაიცა.

გერმანიის ყველაზე მეტი, ანუ 197,602 ვიზა თურქეთში გაიცა, შემდეგი 157,769 ვიზით ჩინეთია, რომელსაც ინდოეთი (119,250) და კოსოვო (56,194) მოსდევს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროპის რიგმა ქვეყანამ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა. მათ შორის არის ჩეხეთი, პოლონეთი, ფინეთი, ლატვია და ლიეტუვა. ევროპაში მოსახვედრად რუსეთის მოქალაქეებმა განაცხადების წარდგენა მასობრივად “ციფრული მომთაბარის” ვიზებზე დაიწყეს. კერძოდ, გასული წლის იანვრიდან აპრილამდე რუსეთში ასეთ ვიზებზე მოთხოვნა, თითქმის, ხუთჯერ გაიზარდა, რამაც მთლიანობაში 15,600 განაცხადი შეადგინა, მაშინ, როცა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში სულ 3,300 აპლიკაცია დაფიქსირდა. “ციფრული მომთაბარის” ვიზის მისაღებად რუსებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნა ესპანეთია, რომლის წილიც მთლიან განაცხადებში 37%-ია. შემდეგი პორტუგალია (17.5%), იტალია (7%) და საბერძნეთია (4%).

მოამზადა ლადო სულაბერიძემ