სომხეთი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვას, აზერბაიჯანი კი სომხეთზე გაზსადენის გატარებას არ გამორიცხავს

სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანიდან გაზის შესყიდვის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ სომხეთი აზერბაიჯანიდან გაზის შესყიდვას დაიწყებს, ეს პოზიტიური მოვლენა იქნება.

“ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ საკითხზე. მითუმეტეს, გაზის ნაწილი, რომელსაც რუსეთისგან ვყიდულობთ, აზერბაიჯანულია,” - აცხადებს სპიკერი.

სომხეთი რომ შესაძლოა, აზერბაიჯანული გაზის მიმღები გახდეს, ამას არც აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი გამორიცხავს.

„პოტენციურად, სომხეთი შესაძლოა, აზერბაიჯანული გაზის მიმღები გახდეს, განსაკუთრებით საქართველოსთვის მიწოდებული გაზის მეტად შეღავათიანი ფასის გათვალისწინებით,” - აცხადებს ალიევი, რასაც მისი ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

პრეზიდენტის თქმით, სომხეთთან მსგავსი თანამშრომლობა, ასევე, მისი სიახლოვისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით არის ბუნებრივი.

ალიევი ამბობს, რომ ზანგეზურის დერეფანი არა მხოლოდ სარკინიგზო ან საგზაო კომუნიკაციის საშუალებად, არამედ საკომუნიკაციო ხაზების პოტენციურ მარშრუტად განიხილება.

„პოტენციურად, ეს შესაძლოა, გაზსადენიც იყო,“ - აზუსტებს პრეზიდენტი.

მისი თქმით, ნახიჩევანის ბუნებრივი აირით მოსამარაგებლად აზერბაიჯანს შეთანხმება აქვს ირანთან, ასევე, ბაქო კიდევ ერთი მილსადენის მშენებლობას აფინანსებს, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს ნახიჩევანს თურქეთის გავლით მიაწვდის. თუმცა, პრეიზდენტის შეფასებით, ირანისა და თურქეთის გავლით გაზის მიწოდება „მარცხენა ყურზე მარჯვენა ხელით შეხებას” ჰგავს, რადგან თუ გაზსადენი სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის, ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება და დიდ ფულს დაზოგავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ