როდის გაიხსნება აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი, საიდანაც ტურისტების აღდგენის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია 2019 წელთან შედარებით 87%-ით აღდგა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

„რეგიონის გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ შედარებით ნაკლები უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე. თუმცა, მეზობელი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, სომხეთი და უკრაინა, კვლავ ჩამორჩებიან 2019 წლის მაჩვენებლებს. რა შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ძლიერი აღდგენა დაფიქსირდა და 144%-ს მიაღწია.

ყველაზე დაბალი აღდგენის მაჩვენებელი­­ (18%), კვლავ აზერბაიჯანის შემთხვევაში დაფიქსირდა. შეზღუდული აღდგენის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის კვლავაც ნაწილობრივ დახურული საზღვარი აზერბაიჯანის მხარეს. აზერბაიჯანის მთავრობის დირექტივის თანახმად, COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 2024 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდება,“- ნათქვამია კვლევაში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდან დაკეტილი რჩება. ბაქო აცხადებს, რომ კორონაპანდემიურ საკარანტინო რეჟიმს შეინარჩუნებს მანამ, „სანამ ეს საჭირო იქნება.“ აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი.

რაც შეეხება ამ ფაქტორის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას, როგორც ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, დაკეტილი საზღვრის გამო, საქართველომ ფაქტობრივად დაკარგა 1.5 მილიონზე მეტი ტურისტი, რაც დაახლოებით 400 მლნ დოლარის ეკვივალენტია მიუღებელ შემოსავლებში.

თაია არდოტელი