21 საკვები პროდუქტი, რომელთა გადაცემაც შეწირულობის სახით არის რეკომენდირებული

მთავრობამ სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესი დაამტკიცა.

როგორც მთავრობის 30 აპრილის განცხადებაშია აღნიშნული, ეს წესი ადგენს:

  • სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს სურსათის გადანაწილებისთვის, რაც მოიცავს სურსათის შეწირულებას, აღდგენას, შენახვასა და გადანაწილებას;
  • სურსათის ჰიგიენის წესებს;
  • იმ სურსათის ჩამონათვალს, რომლის გამოყენება და გადანაწილება დასაშვებია;
  • სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეების მიერ ჭარბი სურსათის ერთმანეთისთვის გადაცემის პროცედურებს;
  • მიკვლევადობის მოთხოვნებს;
  • იმ სურსათის მიმართ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცედურებს, რომელსაც გასული აქვს ვარგისობის მინიმალური ვადა.

დადგენილების თანახმად, სურსათის შეწირულებისა და სურსათის განაწილებისთვის განკუთვნილი სურსათის რეკომენდებული ჩამონათვალს შორისაა: მაკარონის ნაწარმი, ჩაი, ყავა, კაკაო, მარცვლოვნები (ხორბალი, სიმინდი, ბრინჯი და ა.შ.); დაკონსერვებული სურსათი; ღრმად გაყინული სურსათი და სხვა.

იხილეთ სურსათის სრული ჩამონათვალი ფოტოზე

439978943-934398525100535-5942402013600347763-n-1714734773.jpg

ცნობისთვის, საქართველოში სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესი 2024 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება. კერძოდ, საუბარია სურსათის მიწოდების ჯაჭვში მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირების რეესტრში შეტანაზე და სურსათის საქველმოწმედო საქმიანობის დაშვებაზე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „სურსათის ბანკის“ შექმნის შესახებ კანონი გასული წლის ოქტომბერში მიიღო. „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს საკვებად ვარგისი სურსათის არსებობის ვადის გახანგრძლივებას. გარდა ამისა, აღნიშნული კანონის თანახმად, უნდა შეიქმნას სურსათის ბანკი, რაც იმას ნიშნავს, რომ სურსათი, რომელიც არ არის საფრთხის შემცველი და გამოსაყენებელია მოხმარებისთვის, უნდა გადაეცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ და საქველმოქმედო მიზნებისთვის უნდა გამოიყენებოდეს.

იხილეთ ასევე : რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ „სურსათის ბანკის“ მიწოდების ჯაჭვში ავტორიზაციისთვის

თაია არდოტელი